შინაარსზე გადასვლა

ეფთვიმე გენათელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ეფთვიმე.

ეფთვიმე გენათელი (გვარად ერისთავ-შერვაშიძე; დ. 1747 — გ. 21 აპრილი, 1822) — ქართველი საეკლესიო მოღვაწე, გენათელი მიტროპოლიტი 1776–1820 წლებში.

წარმომავლობით გურიის თავადების — ერისთავი-შერვაშიძეების საგვარეულოდან იყო. ეკავა ჯუმათის საეპისკოპოსო. 1776 წელს გახდა გელათის მღვდელმთავარი. დიდი ხარჯი გასწია გელათის საეპისკოპოსოს ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ყურადღებას აქცევდა გაპარტახებული ადგილების აღდგენას. სოფ. ბოსლევში ხელახლა დაასახლა გლეხები, ააშენა სოფ. მუხაღრუა, იქვე ააგო ეკლესიაც. 1789 წელს შედიოდა იმერეთის საერო და საეკლესიო თავკაცთა ჯგუფში, რომელთაც წინადადებით მიმართეს ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს, თავისი ხელისუფლების ქვეშ გაეერთიანებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები.

1820 წელს, იმერეთის აჯანყების დროს, ეფთვიმე რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა — ეგზარქოს თეოფილაქტეს მითითებით იგი მიჩნეული იყო აჯანყების ერთ-ერთ მოთავედ. ეფთვიმე სხვებთან ერთად გადაასახლეს რუსეთში. ცხოვრობდა ნიჟნი-ნოვგოროდში, შემდეგ — ალექსანდრო-სვირსკის მონასტერში (ახლანდ. ლოდეინოპოლეს რაიონი), სადაც 1822 წელს გარდაიცვალა. 2005 წელს მისი ნეშტი საქართველოში გადმოასვენეს და გელათის მონასტერში დაკრძალეს. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ შერაცხულია წმინდანად; ხსენების დღეა 21 აპრილი (4 მაისი).

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]